მოგზაურობა საოცრებათა სამყაროში, თავი III

Face.ge

რამოდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ, მივადექი ჩემს შემდეგ მსხვერპლს Face.ge-ს. თავიდანვე მინდა დავიწყო იმით რომ სხვა აქამდე განხილული სოც. ქსელებისგან განსხვავებით Face.ge არ არის რომელიმე სხვა ცნობილი სოც.ქსელის ზუსტი კლონი, მას გააჩნია საკუთარი დიზაინი და ხედვა რაც უკვე იმედისმომცემია.

რაც შეეხება ხედვას და სამიზნო აუდიტორის ჩემთვის ეს ცოტა ბუნდოვანი დარჩა ამ საიტის შემთხვევაში. ერთი შეხედვით face.ge იხრება ნაცნობობის საიტისკენ, რომელიც ტრიალებს სურათების, პარტნიორის შერჩევის თამაშებისა და ტესტების გარშემო, ამავე დროს საიტის დახმარებისა და უსაფრთხოების განყოფილებაში მითითებულია ბევრი წესები მცირეწლოვნებისა და მათი მშობლების მისამართით (მინიმალური ასაკი რეგისტრაციისათვის 7 წელია, რაც ნაცნობობის საიტის იდეას კლავს ჩემი აზრით).

სოციალურ ქსელში როგორც უკვე ვახსენე დიდი ადგილი უჭირავს სურათებს და შესაბამისად დიდი სუპერ +10-ის როლიც. დღევანდელი აუდიტორიის პირობებში ეს შეიძლება გამართლებულიც არის და გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ მე ამ საიტის მომხმარებელთა სიაში ვერ მიხილავთ.

თუმცა უმრავლესობის აზრი გასათვალისწინებელია, განსაკუთრებით მაშინ როდესაც მათზე ბიზნეს მოდელია აწყობილი. კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანი რაც face.ge-ს ახასიათებს არის მონეტიზაციის მოდელი. სოც. ქსელს გააჩნია ქულები რომლითაც +10ის დაწერა და ვირტუალური საჩუქრების გაგზავნა ხდება, ეს ქულები კი თავის მხრივ ფული ღირს. არ ვიცი რამდენად შემოსავლიანია ეს ბიზნესი face.ge-ს ადმინისტრაციისათვის თუმცა ზოგადად მოდელი მიმართულება ამ შემთხვევაში სწორად მიმაჩნია.

უსაფრთხოების პოლიტიკა face.ge-ზე ნაკლებად არის დამუშავებული და ძირითადად “თუ რამე დაგემართა შენი ბრალია”-ს პრინციპებზე არის აგებული. ინფორმაციის დიდი ნაწილი (მათ შორის სურათები) ხელმისაწვდომია დაურეგისტრირებელი მომხმარებლებისათვისაც კი. მესმის რომ ეს ერთგვარი რეკლამაა დარეგისტრირებისთვის თუმცა ამისათვის მცირე teaser-იც საკმარისი იქნებოდა და მომხმარებლის პირადი უსაფრთხოების დაკიდება მიზანშეწონილი არაა.

ჩემთვის ყველაზე დიდი გაუგებრობა იყო ზოგადად სურათების ატვირთვის  პოლიტიკა. რატომღაც face.ge-ზე ამ საკითხში სიმკაცრე აღწევს არაჯანმრთელ სიმაღლეებს. ასე მაგალითად არ შეძილება სურათის ატვირთვა სადაც არ ხართ მარტო, და თუ კი გინდათ ამის გაკეთება თქვენი თავი გრაფიკული პროგრამის საშუალებით უნდა მონიშნოთ სურათზე (ისეთი მშვენიერი გამოგონება როგორიც სურათების “დატეგვაა” ადმინისტრაციას როგორც ჩანს მხედველობიდან გამორჩა). ასევე აქ არის jpeg ფორმატის დიქტატურა და ანტი-ფოტოშოპური მოძრაობა (თუ თქვენი სურათი ზედმეტად შელამაზებულია მას წაგიშლიან). ასე წაგიშლიან სურათს თუ მაზე თქვენთან ერთად გამოსახულია სიგარეტი ან ვთქვათ ლუდის ბოთლი. ეს კეთდება ბავშვების გარყვნისგან დაცვის ეგიდით, თუმცა ისევდაისევ ისმის კითხვა თუ რა ესაქმებათ ბავშვებს ასეთი პროფილის საიტზე.

ახლა არაკონცეპტუალური წვრილმანები. საიტის დიზანი საკმაოდ ცუდია, გარდა ზოგადი უარყოფითი შეგრძნებისა, დიზაინის სხვადასხვა ელემენტები ერთმანეთს ფარავს ხოლმე, ხოლი ეგრეთწოდებულმა “მაღვიძარამ” რამოდენიმე ძვირფასი ნერვული უჯრედი მომიკლა.

საიტის “title” და “sitemap” რატომღაც ლათუნური ანბანით არის გამოსახული და რაღაც ინგლისურ-ქართულის ნაზავს წარმოადგენს. ასევე კომენტარებისა თუ ბლოგების პლატფორმაში არ არის ინტეგრირებული ქართული კლავიატურა რაც ხშირად იწვევს ლათინური სიმბოლოებით აკრეფილ ქართულ ტექსტებს რომელიც თავის მხრივ ჩემში იწვევს mIRC-ისა და ქართული ინტერნეტის 90იანი – ადრეული 2000იანი წლების ერის ნოსტალგიას :) .

სოც. ქსელის წესები ძალიან მწირია და არ მოიცავს ჩემი აზრით ყველა საჭირო კომპონენტს რაც მომავალში თვითონ ქსელს შეიძლება შეუქმნას პრობლემები. ასევე ეს წესები და სხვა ადმინისტრაციის მიერ დაწერილი ტექსტები არის არაშესაბამისი “ენით” ნაწერი, სტილისტურ-გრამატიკული შეცდომებითა და შენობ-თქვენობითი ფორმების ბრძოლით არის სავსე, რაც სერიოზულ სოციალურ ქსელს ასევე არ ეკადრება.

ჩემი ვერდიქტი 6-/10. კარგი ჩანაფიქრი ზოგად დონეზე, ფინანსური მოდელით. ამავე დროს გაუგებარი სამიზნე ჯგუფი და ხედვის დეტალები, საკმაოდ სუსტი იმპლემენტაცია და სუსტი უსაფრთხოებისა და მოხმარების პოლიტიკა.

სხვა საინტერესო პოსტები

  • George
    კარგად განიხილე, face.ge ამ პროექტის ნაწილია http://ratesolutions.eu/ და როგორც ვნახე ვერც სხვა ქვეყნებში მიაღწია ამ პროექტმა წარმატებას
  • არ დავრეგისტრირებულვარ მანდ ჯერ :)))))))))))
blog comments powered by Disqus
DigitalCows.net on Facebook

სხვა საინტერესო ბლოგები

Rss Feed